Saturday, July 3, 2010

ამოძახილი

  ჩემს ყოველდღიურობაში მაისის თქეშით გამოწვეული უეცარი პერიპეტია წარმოიშვა. წვიმის წვეთებით შესრულებულმა კაკოფონიამ მიყუჩებული სულიერი განცდები გაახალისა,  მეღიმებოდა და ამავდროულად ბედნიერებისგან მეტირებოდა კიდეც.

 ინერციულ მდგომარეობაში მყოფი,  ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე ხალხს შევყურებდი, ყველა ზეცის გამჭირვალე ცრემლებს გაურბოდა, ქოლგააფარებულნი ცდილობდნენ ცის ტკივილებს გაქცეოდნენ.  არადა, როგორ მინდოდა  გარეთ გავსულიყავი და დაღამებამდე წვიმაში მებოდიალა.

  ბიბლიოთეკაში ჩემს საყვარელ ადგილას, ფანჯარასთან ვიჯექი.  ხან წიგნს ჩავხედავდი, ხანაც მოსიარულე ადამიანებს შევყურებდი. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ერთსა და იმავე შოსეზე მიემართებოდა, ალბათ მყარად გასიგრძეგანებული სლოგანი აძლევდა სტიმულს - არა დევიაცია! 

   ჩვენ, ადამიანები, ცხოვრების უცნაურ, საინტერესო, შეგრძნებებით სავსე თუ დაცლილ სპექტაკლს ვთამაშობთ. ზოგი ჭკვიანურად და ზოგიც უნაპიროდ სულელურად ირგებს  სხვადასხვა როლებს. თუმცა პარადოქსია მაგრამ ორივე კატეგორია კარგად ეგუება უზარმაზარ სცენას. არა, უნდა ვაღიარო, მიყვარს პარადოქსები.

  ბუნება საოცრად არეული იყო.. არაპროგნოზირებადი ამინდი მაიძულებდა მეფიქრა, ვიყავი  თუ არა სრულ ჭკუაზე? ეს ყველაფერი მირაჟი იყო თუ ფატა-მორგანა? თვალები მაგრად დავხუჭე,  მეგონა თაკარა მზე იყო და ნაცვლად ამისა, ჩემდა სულის სასიამოვნოდ, კოკისპირულად გაწვიმდა. ღმერთო, სად არის ადეკვატური ემოცია,  ვეძებ და ისევ ამერია ყველაფერი. ისევ მზე ამოვიდა. მარტი მაინც ყოფილიყო ლოგიკას მივაწერდი.

  სიძველის აურის მქონე ბიბლიოთეკაში ჩამობნელდა.  არ ვიცი რატომ, მაგრამ  წინ ძალიან უინტერესო წიგნი მქონდა გადაშლილი. სწორედ სეი-სიონაგოის ბიძგით ავიღე ჩანაწერებისთვის განკუთვნილი ბლოკნოტი, რომელსაც  საგულდაგულოდ ვინახავ დღემდე. თვალის შევლების უფლებაც კი არავისთვის მიმიცია. ალბათ კაცი იფიქრებდა, რა საიდუმლოს ატარებს ეს უცნაურთაგანიო. არადა, ჩემი ჩანაწერების წაკითხვა პირდაპირ ნიშნავს ჩემში შემოსვლას, დათვალიერებასა და გაშიფვრას.ჩემს სივრცეში ერთადერთი ბაქტერია მოძრაობს და ეს მე ვარ. 

  ამ ბოლო დროს სემინალურ მუშაობას გადავეჩვიე და სინდისი მაწუხებს, თუმცა არც ისე მძაფრად, რომ საწყის პოზიციას დავუბრუნდე.

წვიმამ კვლავ გადაიღო და დანისლულმა ჩემმა ფიქრებმა პაუზა აიღო, ვწყვეტ წერას და უცნაურ ფიქრებში ვიძირები... 

No comments: