Friday, November 25, 2011

სულის კონფიგურაცია



   ადამიანები ამბობენ, რომ  რთული, მძიმე, უცნაური, თავისებური და ამავდროულად ძალიან მხიარული, გულუბრყვილო და კეთილი მდედრი ვარ. ენერგიული, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, ძლიერი, იმპულსური, თავნება, ახირებული,ცვალებადი, უხეში, მერყევი, თვითდაჯერებული, ეგოცენტრული ვარ. ყველა საშუალებით ვცდილობ პირველი ვიყო. ვერ ვიტან მარტოობას. ძალზე განვითარებული მაქვს სამართლიანობის გრძნობა, ვგიჟდები როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევ და პრობლემების მოგვარებაში ხელს ვუწყობ. ალბათ აპათიის ძლიერი უნარი იწვევს ჩემში ალტრუიზმის განვითარებას. მსიამოვნებს ფსიქოლოგიური რჩევა-დარიგებების მიცემა, ამიტომაც ზედმეტსახელად ქალბატონი ფროიდა შემარქვეს.


   ჩემი ალტერ ეგო ჩემსავით უნდა აზროვნებდეს. ქიმიური მუსიკა, ფილმები, არანორმალური მოვლენები და მისტიკა, მღელვარე ამინდი, ჩემი ლექსები, წიგნების კითხვა, სხვების დახმარება, წვიმაში ხეტიალი და ძალიან ბევრი ექსცენტრიულობა უნდა უყვარდეს. ჩემს მიერ შექმნილი The List Of Extreme Possibilities -ის განხორციელებისას ერთად უნდა ვიყოთ. ერთად შემოვივლით მსოფლიოს, ერთად გავუმკლავდებით პრობლემებს, ტკივილს. ერთი სიტყვით, თუ უცნაური, ახირებული და საინტერესო თავგადასავალი გიყვარს, აუცილებლად შემიგრძნობ. ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ დროში!

   მაღალი მიზიდულობა მაქვს სულიერი ჰარმონიისკენ, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, ხელოვნებისა და მუსიკისკენ. ფილმებიდან ლამაზი და უცნაური სცენების რანჟირება მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარდა ფრაზებისა თუ ციტატების დაზეპირება. ჩემს რაციოს უკვე ბევრი სიბრძნე აქვს შესისხლხორცებული. ასევე, უნდა ვაღიარო, უცხო სიტყვათა ლექსიკონის ნახევარი თითქმის ზეპირად ვიცი, ეს უბრალოდ ჰობია.

  მიყვარს ქცევის ნორმების დაცვა, კარგად აღზრდილობა და თავაზიანობა, სინაზე და სითბო. უნარი მაქვს მოვერგო რასაც მინდა და ვისაც მინდა. გავურბივარ ჭორებს, მონაგონებს, სკანდალებს, კონფრონტაციებს. გონების და ხელების სიმარჯვით გამოვირჩევი. ცვლილებები და გარდაქმნები, გარდატეხები და გადანაცვლებები ცხოვრებაში სხვა ადამიანების სურვილის გამო ბევრჯერ მქონია. ხშირად პოეტური გზით მივდივარ. არ ვითვალისწინებ დეტალებს და განცდებზე ვარ ორიენტირებული. კარგი მსმენელი,  მოსაუბრე და საკმაოდ ტაქტიანი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვცდილობ არ ვაწყენინო სხვას. შესაძლოა მატყუარაც ვიყო, მაგრამ ამას სიბოროტით როდი ვაკეთებ, მარტივად მსურს სხვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ცუდად ვიღებ ცივ დამოკიდებულებას ადამიანებისგან. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დავეყრდნო ინტუიციას და არა ლოგიკას ან ფაქტებს.
 
  არაორგანიზებულიც ვარ, ხშირად გაურკვევლობაში ვვარდები. ჩემი გეგმები შესაძლებელია უტოპიად მოგეჩვენოთ. მალე მწყინდება ყველაფერი. გაბრაზებისას იარაღად სიტყვებს ვიყენებ და ვცდილობ სხვებზე ინტელექტუალი გამოვჩნდე. დებატები ჩემი საქმეა. ვცდილობ ვიყო ნაკითხი და ინფორმაციის მოძიებით დავამარცხო „მტერი“.  ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებული ვარ. მუდამ მჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდე. როდესაც საკეთებელი არაფერია თავს ამოწურულად ვგრძნობ, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ელექტროგენერატორად ვიქცევი.

   გაბრაზებისას სიტყვებს ”იარაღად” ვიყენებ, ენამწარე და სარკასტული ვხდები. ფაქტობივად, დებატები ჩემი სპეციალობაა. სადაც გამარჯვებას გონებამახვილური არგუმენტებით ვაღწევ. საკმაოდ მოუსვენარი ვარ და საერთოდ ჩემი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი ჩემი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ხშირად ვეჭიდები ერთდროულად რამდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი ჩემი სფერო არაა. კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ვისწავლი. მძულს, მეზიზღება რუტინა. წლებით ადრე შემიძლია საკითხების დანახვა და მითითება, თუ რომელი გზაა მართებული. ექსცენტრიულს, მიყვარს ცვლილებები სამუშაოსა და გარემოცვაში. ხშირად იმპულსურიც ვარ, შეიძლება ვიმოქმედო მანამდე,სანამ დავფიქრდები. მიდრეკილი ვარ რადიკალიზმისაკენ. კარგად შემიძლია ამბიციების, თავისუფლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბალანსირება.

   არ მეშინია პრობლემების. ადამიანების განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული ვარ, არ მაქვს პრობლემა ისე მოვექცე მათ, როგორც თანასწორთ. კარგად ვართმევ თავს, ისეთ საქმეებს, სადაც პუბლიკის მხრიდან ნდობაა საჭირო. ჩემი გონება ლოგიკური, ნათელი და ძლიერია.
 
  საკმაოდ მკაცრი და მდგრადი ვარ. ასე ვთქვათ ქვეცნობიერად, შიგნით. თუმცა იმდენად ღრმად, რომ ხანდახან ვერც ვამჩნევ. ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს.. ქარიზმატული ვარ. ასევე ინტუიციასთან ერთად შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრები ვნახო და არამარტო სიზმრები. მე იმ პერიოდში დავიბადე, როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ემოციური სირთულითა და სიღრმით. ჩემი ცხოვრება იდუმალებითაა სავსე.
 
  ზამთარში დეპრესია მეწყება. არ მიყვარს სიცივე და თოვლი. ვცდილობ სულ სახლში ვიყო თბილად და კომფორტულად. არც ფრიგიდული ადამიანები მიყვარს. მიმაჩნია, რომ თუ გიყვარს ადამიანი, მისდამი სითბოს გამოხატვაც უნდა შეგეძლოს. ალბათ ეს ერთგვარი კომპლექსია ან სხვა რამ, რასაც ვერ ვხსნი. მრავალსახოვნად მაღიზიანებს თავხედი, ნაგლი და “მე მზე ვარ” ადამიანები, რომლებიც თავიანთი უზრდელური სითამამით მეტენებიან და ცდილობენ მარტივად მიიღონ ის, რაც სურთ. მათთვის ჩემი სივრცე დახურულია!
 
   ვგიჟდები ერთგულ, კეთილ და უბოროტო ადამიანებზე, რომლებსაც თვალებში ერტყობათ ბავშვური გულუბრყვილობა. ვაფასებ მათ და პატივს ვცემ. მიყვარს სითბო, სხვების დახმარება, მაქსიმალურად დავეხმარები მათ ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარია ჩემი გარჯა დაინახოს ადამიანმა. ჩემთვის მადლობის თქმაც კი საკმარისია, რომ თავი კმაყოფილად ვიგრძნო.
 
   სამწუხაროდ ძალიან ფიცხი ვარ, გაბრაზებისას ისეთ სიგიჟეს ჩავიდენ ხოლმე, რომ მერე ვნანობ. არ შემიძლია მოთმენა და საათობით ლოდინი, ყველაფერი მოცემულ მომენტში უნდა დამთავრდეს, იმის მიუხედავათ, იქნება შედეგი დადებითი თუ არა. მთავარია ის რაღაც დამთავრდეს. მაქსიმალისტი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნისთვის, რომ შემეძლოს ალბათ მთასაც გადავდგამდი.
 
   მიყვარს მოძრაობა, ადამიანებთან კომუნიკაცია. ვერ ვეგუები დუნე ცხოვრებას. მაინტერესებს ბევრი რამ. განსაკუთრებით მედიცინა. ნებისმიერ დაავადებას ვუკირკიტებ, ვსწავლობ და გადავდივარ მედიკამენტებზეც. მათ ანოტაციას ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ. შესაძლოა იფიქროთ, რომ მოწოდებით ექიმი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ ჰობია. საოცრად იპოქონდრიული ვარ. სხვის ტკივილს ლამის მეც უმიზეზოდ ვგრძნობ. სამაგიეროდ ჩემი ცოდნა მედიცინაში, ბევრ კითხვაზე პასუხს მაძლევს.
 
  24 საათიდან მინიმუმ 12 საათი ვოცნებობ. კარგი რამეა ოცნება, ადვილად მოსახელთებელია. ერთფეროვნება მძაგს. ყველაფერი ახალი, უცნაური და საინტერესო მიზიდავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მუსიკა, რომლიც გარეშეც ვერ ვარსებობ. ჩემი სულის მუსიკას ქმნის Sigur ros -ი.

No comments: