Monday, November 21, 2011

ამოკი



  დავბრუნდი!  დიდი ხანი წერას გავურბოდი. ამ ბოლო დროს,  იმდენად ბევრი რამ მიტრიალებს თავში, რომ არ ვიცი თავი როგორ მოვუყარო. ნეგატიური ემოციებით  დავიტვირთე. ბევრი იმედგაცრუება ვიგემე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, ჩემს ირგვლივ ადამიანები გადაგვადნენ, ზოგიც გადაგვარების გზაზეა. მათი ფიქრები, მსჯელობა საოცრად დამახინჯებულია. მათი სახეებშიც კი   ბოროტებასა  და ცინიზმს ამოიკითხავთ. გამუდმებით მიტრიალებს თავში, რა დაემართათ? რატომ იღრინებიან დამშეული ძაღლებივით?

   ყოველთვის ვაკვირდები ჩემს თავს გარედან. ჩემს საქციელებს  ლაბორატორიული სიზუსტით ვაანალიზებ. ბოლო პერიოდში ჩემი მონდომების, მოტივაციის, ენთუზიაზმის წილ მხოლოდ ფიასკო მივიღე. რაც მეტად ვცდილობ წარმატებას მივაღწიო, მით ნაკლებად მიმართლებს. ჩემს უკვე მბჟუტავ მოტივაციას მეტი აღარ ძალუძს. დავიღალე. მგონი მოტივაცია კვდება. არც ვუშველი!

  საძულველი დეკემბერი მიახლოვდება. ამ თვეში ჩემი მელანქოლია აბობოქრებულ ტალღასავით აიზიდება ხოლმე და საოცარ განცდებს მიტოვებს. ასეთ დროს სულ მინდა კონტაქტი გავწყვიტო გარესამყაროსთან და დავრჩე ჩემს თავთან მარტო, ზოგჯერ ესეც მაგიჟებს მაგრამ უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ.  უნდა გამოვიზამთრო. აჰა, უძილობაც მესტუმრა, როგორი მომაბეზრებელი სტუმარია. ნერვებს მიშლის, მაგრამ მე ისეთი  უნებისყოფო და ამყოლი მასპინძელი ვარ , უარს ვერ ვეუბნები და დიდხანს ვტოვებ ჩემთან. ისიც არ ცდილობს წავიდეს… 3 საათი ძილი, 19 საათი ფიქრი, დანარჩენი 2 საათი როგორ გადის ვერ ვგრძნობ. როგორ მახარებს  ღამღამობით გარედან შემოსული ლამპიონის მბჟუტავი შუქი, თითქოს იმედს მისახავს, რომ მალე გათენდება. უკუნეთში ალბათ ჰალუცინაციებით გამოწვეული უჰაერობა მომიღებდა ბოლოს. ასეთ დროს მუსიკა ჩემი მეგზურია, რა იქნებოდა რომ არა მუსიკა? არც მინდა წარმოვიდგინო, როგორც თევზს წყალი, ისე მე მუსიკა. საოცარი განცდაა მუსიკალურ ექსტაზში ყოფნა, სულ სხვა განზომილებაა, არაამქვეყნიური.

  ვგრძნობ გარემოსადმი პროტესტი მიმწვავდება. დისფორიები მერევა. დღეების როტაცია, ფიქრების როტაცია, ადამიანების როტაცია, როტაცია, როტაცია… ალბათ მალე თოვლი მოვა. ხომ შეიძლებოდა ზამთარი უთოვლოდ გაგვეტარებინა,  მძულს იმიტომ რომ ქინოფობი ვარ.  ქინოფობია ანუ თოვლის სიძულვილი.

ხომ შეიძლებოდა ქონოფობი არ ვყოფილიყავი?
ხომ შეიძლებოდა თბილ ქვეყნებში ერთი პატარა სახლი მქონოდა?
ხომ შეიძლებოდა უფრო ძლიერი, ამტანი, უემოციო და უდარდელი ვყოფილიყავი?
ხომ შეიძლებოდა იპოქონდრიული არ ვყოფილიყავი?
ხომ შეიძლებოდა ადამიანები უფრო კარგები, გულისხმიერები ყოფილიყვნენ?

No comments: